XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმი
ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები
თბილისი, საქართველო
სიმპოზიუმის ორგანიზატორები:
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)
თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 23-25 სექტემბერს
სიმპოზიუმი ეძღვნება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დაფუძნებიდან 90-ე წლისთავს
სიმპოზიუმი ინტერდისციპლინურია
სიმპოზიუმის თემაა:
ომისა და მშვიდობის თემა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურასა და კულტურაში
პრეამბულა
ომისა და მშვიდობის თემა ოდითგანვე მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის ინტერესის საგანს წარმოადგენდა; XX და XXI საუკუნეების ისტორიულმა ტრავმებმა (მსოფლიო ომები, ცივი ომი, რეგიონული კონფლიქტები, ეთნიკური კონფლიქტები, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები) ამ თემას ახალი მნიშვნელობები და ინტერპრეტაციები შესძინა და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად აქცია.
ომისა და მშვიდობის თემა დღეს მრავალმხრივ გაიაზრება მწერლობაში. განსხვავებით გმირობის, დიდებისა და თავდადების კლასიკური ნარატივებისგან, წინა პლანზე წამოიწევს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ადამიანის იდენტობის, ფსიქიკისა და მორალის ნგრევა, ქაოსის დანერგვა და მისი შედეგების რეფლექსია, ფსიქოლოგიური და სულიერი ჰარმონიის რღვევა მიმდინარე ძალადობის ფონზე, ტრავმული მეხსიერების სინდრომის ფორმირება, გადარჩენისა და შერიგების რთული ეტაპის დაძლევა და სხვ.
ამ და სხვა დეტალებზე საუბრობს არა მხოლოდ თანამედროვე მსოფლიო მწერლობა, არამედ, ხელოვნება ზოგადად, რაც ქმნის კიდეც საერთო კულტურულ მარკერებს.
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურასა და კულტურაში ომი და მშვიდობა აღარ წარმოადგენს მხოლოდ ისტორიულ მოვლენებს, არამედ ფილოსოფიური, ეთიკური და ეგზისტენციალური კატეგორიებია. ომი წარმოჩნდება როგორც ადამიანის თვითგანადგურების უკიდურესი ფორმა, ხოლო მშვიდობა – როგორც რთულად მისაღწევი, მაგრამ აუცილებელი იდეალი.
ამ თემების გააზრება თანამედროვე ლიტერატურასა და კულტურაში გვაიძულებს დავფიქრდეთ არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზე და ჩვენს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე.
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:
I. ომის თემა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში.
• ომის კლასიკური ცნების ტრანსფორმაცია XX-XXI საუკუნეებში;
• ომის დეჰეროიზაცია. ძალადობის, ეთიკისა და ჰუმანიზმის პრობლემები;
• ინდივიდუალური ტრავმა და კოლექტიური მეხსიერება;
• ქალი ავტორები და ომის ალტერნატიული ნარატივები;
• ომის პოსტკოლონიური, პოსტმოდერნისტული და მეტანარატიული ტექსტები.
II. რეგიონული და ეთნიკური კონფლიქტები და გლობალური ნარატივები
• რეგიონული და ეთნიკური ომები მსოფლიო ლიტერატურაში;
• პოსტსაბჭოთა გამოცდილება;
• ლტოლვილობა, იდენტობა და კულტურული მეხსიერება.
III. მშვიდობის ნარატივები ლიტერატურაში
• შერიგება, პატიება და მეხსიერება – „მშვიდობის“ ნარატივის მოდელები;
• ომის შემდგომი საზოგადოების ასახვა ლიტერატურულ ტექსტებში;
• უტოპია, დისტოპია, და მშვიდობის „იდეალის“ ნარატივი.
IV. ომისა და მშვიდობის თემა ვიზუალურ ხელოვნებასა და ციფრულ მედიაში
• ომის თემა ეკრანზე;
• თანამედროვე თეატრი ომის წინააღმდეგ;
• ფოტოგრაფია, ინსტალაცია და მეხსიერების პოლიტიკა;
• მედიის როლი ომის ნარატივების მართვაში.
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს მრგვალი მაგიდის სექციები:
• ხელოვანის პასუხისმგებლობა ომის ეპოქაში;
• კულტურის როლი ძალადობის წინააღმდეგ;
• ომისა და მშვიდობის თემების სწავლება ლიტერატურისა და ხელოვნების მეშვეობით.
სიმპოზიუმი ჩატარდება დასწრებული მონაწილეობის ფორმატში.
სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. დანართი) და გამოგზავნოთ თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 მაისამდე.
თეზისები იგზავნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად
(ყურადღება მიაქციეთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1. თეზისს დაურთეთ 5 საკვანძო სიტყვა და თქვენი აფილიაცია.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი ანონიმური რეცენზირებით შეარჩევს მოხსენებებს.
რეცენზირების შედეგებს გაცნობებთ 2026 წლის 5 ივლისს.
შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი, ქართველი მეცნიერებისათვის:
• მოხსენებით გამომსვლელთათვის – 130 ლარი;
• თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 200 ლარი;
• შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) მოქმედი წევრებისთვის – 90 ლარი;
• სტუდენტებისათვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი) – 70 ლარი.
სარეგისტრაციო გადასახადი მოიცავს:
• კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალს და ფურშეტს;
• საკონფერენციო ჩანთას;
• ყავა/ჩაის შესვენებებს კონფერენციის დღეებში;
• კონფერენციის პროგრამის, თეზისებისა და მასალების ელექტრონული გამოცემას, რეგისტრაციას Google Scholars-ში და DOI-ს მინიჭებას.
რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია ბაზებში: ERIH PLUS, EBSCO, CEEOL, VABB–SHW, და მინიჭებული აქვს DOI სარეგისტრაციო ნომერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com









