ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • ქართული
  • English
  • XVII საერთაშორისო სიმპოზიუმის ანგარიში

    XVII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი
    „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“

    25 სექტემებრს, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა XVII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი – ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები.
    აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმი წელს პირველად ტარდება საქართველოს რეგიონში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი – ქალაქი ქუთაისი – იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა ლიტერატურის მიმართულებით, – საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის საერთაშორისო სიმპოზიუმის ქალაქ ქუთაისში ჩატარების შესახებ.
    სიმპოზიუმის ორგანოზატორები იყვნენ: კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი;
    თანაორგანიზტორი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; მხარდამჭერები: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; მასპინძლები: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი, სასტუმრო „არგო“, ქუთაისი მე-4 საჯარო სკოლა.
    წლევანდელი სიმპოზიუმის თემა იყო – „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“
    სიმპოზიუმი გახსნა და ღონისძიების ლოკალურ და გლობალურ მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ქართული სიმბოლიზმის ფორმირების პროცესში ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებულ წვლილზე საუბრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა – ირმა რატიანმა.
    სიმპოზიუმის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ.
    მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორმა ყურადღება გაამახვილა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხაზი გაუსვა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განსაკუთრებულ როლს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზიის პროცესში.
    გიორგი ხუბუამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დედაქალაქისა და რეგიონების უნივერსიტეტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებზე.
    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა საგანაგებოდ XVII სიმპოზიუმისთვის მომზადებულ სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმზე: „ქართული სიმბოლიზმის დაბადება“ და განსაკუთრებულად აღნიშნა კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA), ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგები.
    ღონისძიების სტუმრები იყვნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მათ აუდიტორიისადმი სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილეს რეგიონის კულტურული განვითარების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის როლზე და აღნიშნეს, რომ ქუთაისისთვის იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსის მინიჭება არის უდიდესი შესაძლებლობა, რათა, მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციაზე დაყრდნობით, ქალაქმა შეიძინოს სრულიად ახალი კულტურული იდენტობა.
    საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. მათ შორის, პლენარული მომხსნებლები: კომპარატივისტული ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი, ლონდონის უნივეფრსიტეტის პროფესორი ლუჩია ბოლდრინი, პარიზის ახალი სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ სტროევი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ბულგარული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი იორდან ლუცკანოვი.
    მათ გარდა, პლენარული მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე წარსდგენენ: პროფესორი ირმა რატიანი, მოხსენებით – „ქართული სიმბოლიზმის სათავეებთან“, და პროფესორი გაგა ლომიძე, მოხსენებით – „ქართული მოდერნიზმის პოეტიკა და პოლიტიკა“;
    სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის -„ქართული სიმბოლიზმის დაბადება“ ფილმის ჩვენება; აგრეთვე, ჩატარდა ორი ღონისძიება:
    ➢ ქართველი სიმბოლისტების სწავლება სკოლაში (მოდერატორი – ნათია
    ფურცელაძე);
    ➢ ქუთაისელ მწერლებთან შეხვედრა: გამოწვევები და პერსპექტივები (მოდერატორები: ელგუჯა თავბერიძე და როსტომ ჩხეიძე).
    სიმპოზიუმის მასალები უახლოეს ხანებში გამოიცემა თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.