ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • English
  • ქართული
  • პირველი ონლაინ სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობასა და ფოლკლორში!

    ძვირფასო კოლეგებო!

    როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ უკვე 14 წელია, ყოველწლიურად მასპინძლობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

    ამ სიმპოზიუმის პირველად ჩატარება დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო 2007 წელს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ იწყებდა გამოსვლას პოსტსაბჭოთა პერიოდის სირთულეებიდან, ხოლო ქართული ლიტერატურათმცოდნეობა და ფილოლოგია ნამდვილად საჭიროებდა საერთაშორისო ცნობადობის გაფართოებას.

    წლიდან წლამდე იცვლებოდა თემები, იზრდებოდა სიმპოზიუმის ავტორიტეტი და, შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობაც. მას უკვე დიდი ხანია ‘თბილისის სიმპოზიუმად’ იხსენიებენ საერთაშორისო პროფესიულ წრეებში, და – დიდი პატივითაც!

    ამ წლების განმავლობაში თითქმის წარმოუდგენელი შედეგები იქნა მიღწეული!

    სიპოზიუმის მუშაობაში, სხვადასხვა დროს, ქართველ ლიტერატორებთან ერთად, მონაწილეობდნენ ჰარვარდის, ბერკლის, პენსელვანიის, სან დიეგოს, კემბრიჯის, ოქსფორდის, სორბონას, ჰუმბოლდტის, სიენას, კა ფოსკარის და მსოფლიოს სხვა სახელოვანი აკადემიური ცენტრების პროფესორები! სიმპოზიუმი არაერთხელ დაეთმო პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნებისათვის საშურ პრობლემებს, რითაც ამ ქვეყნების – ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და სხვ. – აკადემიური წრეების დიდი ნდობა მოოიპოვა! სიმპოზიუმზე წარმოდგენილი ქეყნების რაოდენობა ბოლო პერიოდში ოც ათეულს აჭარბებდა, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა – ასოცსა და ასორმოცდაათსაც კი. ის იყო და რჩება ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურათმცოდნეობით ფორუმად საქართველოში. დიდი კონტრიბუცია ამ წინსვლასა და წარმატებაში, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად, მიუძღვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასა (GCLA) და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს.

    2012 წელს სიმპოზიუმის მასალების კრებული – „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურა. მე-20 საუკუნის გამოცდილება“ – დიაბეჭდა კემბრიჯის აკადემიურ გამომცემლობაში (CSP), რაც ქართული ლიტერატურათმცოდნეობით სკოლის პირველი დიდი საერთაშორისო აღიარება იყო! 2016 წელს, იგივე გამომცემლობამ, გამოსცა სიმპოზიუმის კიდევ ერთი კრებული – „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა“, რამაც ასეთივე დიდი რეზონანსი ჰპოვა საერთაშორისო ლიტერატურულ წრეებში.

    წელს ჩვენი სიმპოზიუმის თემად გამოცხადდა „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკორი“, რომლის ჩატარებაც დაიგეგმა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით. ღონისძიებას ძალზე დიდი მასშტაბი უნდა მიეღო. სიმპოზიუმის პლენარულ სპიკერებად დარეგისტრირდნენ კიდევაც მსოფლიოს წამყვანი ფოლკლორისტები და ქართველოლოგები!

    სამწუხაროდ, ქვეყანასა და მსოფლიოში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, რთული იქნება სტუმრების ჩამოსვლა და მიღება, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კი, რომელიც გასაოცარი სიყვარულითა და მონდომებით აკეთებს ამ საქმეს უკვე თოთხმეტი წელია, ძალზე მტკივნეული იქნება ამ ღონისძიებაზე უარის თქმა!

    ამიტომაც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ გიორგი შარვაშიძესთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ჩაატარებს პირველ ონლაინ სიმპოზიუმს ლიტერატურათმცოდნეობასა და ფოლკლორში! და მიუხედავად იმისა, რომ, დღიდან დაფუძნებისა, ამ სიმპოზიუმის ხიბლი იყო პროფესიული თავყრილობა, პირადი კონტაქტები, შეხვედრები, დისკუსიები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საქართველოს სხვადასხვა კუტურული კერებისა და რეგიონების მონახულება, ჩვენ მაინც შევძლებთ შეხვედრას! თუნდაც ვირტუალურ სივრცეში!

    უაღრესად სასიხარულოა, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რჩება ჩვენს პარტნიორად ამ რთულ ექსპერიმენტში!

    ძვირფასო კოლეგებო,

    ვაანონსებთ საერთაშორისო სიმოპოზიუმის – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ ახალ ფორმატს: ონლაინ სიმპოზიუმი!

    სიმპოზიუმს იგივე მასპინძლები ეყოლება და ის კვლავაც მიეძღვნება დიდებულ ქართველ პოეტს, ქართული სიტყვის ჯადოქარს, გიორგი ლეონიძეს, გოგლას, რომელმაც ურთულეს 1950-იან წლებში, საკუთარი თავდადებისა და მეცნიერული სიჯიუტის ფასად, გადაარჩინა ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობა!

    სიმპოზიუმის ახალი ფორმატისა და პირობების თაობაზე სრული ინფორმაცია განთავსებულია სიმპოზიუმის ვებ-გვერდზე: http://conference.litinstituti.ge/ka/

    შესაბამისად, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციისა (GCLA) და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდებზე!

    დიდი მადლობა და გელით!

    ირმა რატიანი.